თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობას 25 ივნისს იწყებენ | მინსკი 2019
მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველი სამბისტებისა და ძიუდოისტების ტრიუმფის შემდეგ, 25 ივნისს კიდევ ერთი საჭიდაო სახეობის შეჯიბრი დაიწყება, სადაც მედლების მოლოდინი ასევე დიდია.
დღეიდან სამი დღის განმავლობაში მინსკის სპორტის სასახლის ხალიჩაზე, მედლებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გადაინაწილებენ. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან, ასპარეზობაში პირველ დღეს ოთხი ფალავანი ჩაერთვება. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალიდან დაიწყებს ლაშა ლომთაძე, სადაც სერბ სტეფან მიჩიჩს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ლომთაძის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველისა და თურქი ატილ სულეიმანის ორთაბრძოლაში გაირკვევა.
74 კილოგრამში მეოთხედფინალიდან იწყებს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ავთანდილ კენჭაძე. მისი მეტოქე ამ ეტაპზე რუსი ზიარბეკ სიდაკოვი იქნება.
პირველივე წრიდან, ანუ მერვედფინალიდან ჩაერთვება ტურნირში, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი სანდრო ამინაშვილიც, რომელიც შვეიცარიელ შტეფან რაიხმუტს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ სანდრო მინსკში საქართველოს ნაკრების წევრთაგან ერთერთია, რომელსაც მედალი პირველ ევროპულ თამაშებზეც აქვს მოპოვებული. პირველ წრეში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, ამინაშვილი მეოთხედფინალში მოლდოველ ბალაურსა და აზერბაიჯანელ გოსტოევს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილის შემცვლელი გივი მაჭარაშვილი, ტურნირში ასევე მერვედფინალიდან ჩაერთვება. 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მაჭარაშვილი მედლებისთვის ბრძოლას ფინელ იერე ჰეინოსთან ორთაბრძოლით დაიწყებს.
საჭიდაო ტურნირი თბილისის დროით 12:00-იდან დაიწყება და ოთხივე ამ წონით კატეგორიაში ფინალისტები და დამამშვიდებელ რაუნდში მოხვედრილი სპორტსმენები გაირკვევიან, მედლები კი 26 ივნისს 19:40-იდან გათამაშდება.
26 ივნისსვე, დილიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების დარჩენილი ორი წევრი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე ევროპული თამაშების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ 20 მედალი აქვს (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში ამ ეტაპზე მესამე ადგილზე.