თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია - შეჯიბრების ფინალში მან ირანელი ამირ ზარე დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.
შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა.
პირველივე ნახევარში გენომ აქტიურად შეუტია მეტოქეს, ეფექტური გდებების შემდეგ 12:1 დაწინაურდა. თავისუფალ ჭიდაობაში 10-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა მსაჯებმა ჩელენჯის შემდეგ ქართველს ორი ქულა ჩამოაკლეს, ანგარიში 10:1 გახდა და შეხვედრა გაგრძელდა.
მეორე ნახევარში ზარემ მაქსიმალურად მოინდომა, 9 ქულამდეც ავიდა, თუმცა პეტრიაშვილს ოლიმპიური ოქრო მაინც ვერ წაართვა.
30 წლის ქართველმა ფალავანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო. მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა, მეთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 აჯობა.
აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე ოთხი მედალი ჰქონდა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლებს ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვლი დაეუფლნენ, ხოლო ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.
დღეს, მოგვიანებით ლაშა ტალახაძე იასპარეზებს, ხოლო ხვალ, 11 აგვისტოს ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97კგ) იბრძოლებს.