თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, შოთა ფარტენაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გენო პეტრიაშვილმა (125კგ) წარმატებულად იასპარეზა და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი მეისონ პერისი დაამარცხა და ფინალში მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰასეინ ზარე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით გენომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.
ხვალ, 17 სექტემბერს დღევანდელი წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში კიდევ ერთ ქართველს, შოთა ფარტენაძეს (61კგ) ვიხილავთ, იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.
ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდება.