თარგამაძე ტექბოლის პოპულარიზაციას იმედოვნებს - მალე ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდება #1TVSPORT
ტექბოლის ფედერაციის საპრეზენტაციო ტურნირზე დავით თარგამაძე მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ სახეობაში ცნობილი ფეხბურთელები ჩაერთვებიან.
„ზოგადად ფეხბურთელებისთვის ეს სახეობა მოსამზადებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ბევრს ჰგონია, რომ მარტივი სათამაშოა, სინამდვილეში, ძალიან რთულია და კოორდინაციისა და ტექნიკის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ექვსი თვის წინ დავიწყე ვარჯიში და გასართობად თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი. ახლა კი უკვე სერიოზულად დაიწყო ტექბოლის განვითარება და იმედია, ბევრი ცნობილი მოთამაშე ჩაერთვება და მაქსიმალურად პოპულარული გახდება“, – ამბობს დავით თარგამაძე.
საქართველოს ტექბოლის ფედერაციის გენერალური მდივნის, დიმიტრი ბოკერიას თქმით, სახეობის პოპულარიზაციისთვის ტურნირები იგეგმება: „შემოთავაზება მივიღეთ გიორგი ალექსიძისგან, რომელსაც კარგი კავშირები აქვს უნგრეთში, სადაც ეს სახეობა ოთხი წლის წინ ჩამოყალიბდა. დავთანხმდით, რადგან ძალიან ახლოს არიან ფეხბურთთან და ძალიან სახალისო და საინტერესო თამაშია. წელს 10-12 ტურნირის და საქართველოს ჩემპიონატის გამართავს ვგეგმავთ, ასევე „ნეშენალ ჩელენჯის“, რომლის გამარჯვებულებიც მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ.
ჯერ ნაკრები არ არსებობს, მაგრამ შერჩევას ახლა ვიწყებთ. ასევე გვსურს გოგონების ჩართვა, რადგან ამ სახეობაში თამაში ყველას შეუძლია. ამ სახეობაში მსოფლიო ელჩი რონალდინიოა და ჩვენს პარტნიორთან ერთად ვაპირებთ, რომ ასეთი ცნობილი და გულშემატკივრებითვის საყვარელი სპორტსმენები ჩამოვიყვანოთ“.