გორის „დილა“ ტექბოლის პოპულარიზაციაში ჩაერთო #1TVSPORT
გორის „დილა“ ტექბოლის პოპულარიზაციაში ჩაერთო #1TVSPORT

საქართველოში ტექბოლის პოპულარიზაციაში ეროვნული ლიგის კიდევ ერთი გუნდი ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის „დილას“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გორის კლუბს ტექბოლის სათამაშო მაგიდა გადაეცა. „დილა“ საქართველოში ახლადდანერგილი სპორტის სახეობის განვითარების პროგრამაში ჩაერთო. გუნდის წევრებმა სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები ვარჯიშის შემდეგ მოსინჯეს.

ტექბოლის ფედერაცია 2018 წელს დაფუძნდა, აპრილში კი პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის პრეზიდენტად რეზო არველაძე აირჩიეს. დამფუძნებლების სტრატეგიაა, რომ ტექბოლის პოპულარიზაციაში ეროვნული ლიგის გუნდები ჩაერთონ. მანამდე, ტექბოლის მაგიდა წყალტუბოს „სამგურალს“ გადაეცა. ტექბოლის ფედერაცია წლეულს 12-მდე ტურნირის და საქართველოს ჩემპიონატის გამართვას გეგმავს.

საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ვებგვერდიდან ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია ტურნირებისა და საქართველოს ჩემპიონატის ჩასატარებლად მსაჯებს ეძებს. მსურველები უფასოდ გაივლიან ტექბოლის ონლაინ-სამსაჯო კურსს, მიიღებენ სერტიფიკატს, რაც მთავარია, ჩაერთვებიან ქართული და საერთაშორისო ტექბოლის განვითარებაში.