თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ დავით ქევხიშვილმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს
თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ დავით ქევხიშვილმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

როგორც ჟურნალისტებს ნავერიანმა განუცხადა, ისეთი დასკვნა არ არის დადებული, რომ ქევხიშვილი პოსტიდან წავიდეს.

„მინისტრმა განცხადება გააკეთა, რაც ჩემთვის მისაღებია. ისეთი დასკვნა არ არის, რომ ქევხიშვილი უნდა გადადგეს”, – განაცხადა ნავერიანმა.

ამასთან, თამაზ ნავერიანმა დეპუტატ შოთა ხაბარელთან დაპირისპირებაზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ აბსურდულ თემებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ღია დაპირისპირება არ ყოფილა, გუნდური პრინციპიდან გამომდინარე განცხადებებისგან თავს შევიკავებ. თუ რაიმე გასარკვევი გვექნება, შიგნით გავარკვევთ. არაფერი არ ყოფილა, რომ ასე ასაწევი ყოფილიყო”, – დასძინა ნავერიანმა.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა და მის მხარდამჭერებს ურჩია, ქევხიშვილის დაცვას თავი დაანებონ. დეპუტატმა დაადასტურა, რომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე უმრავლესობის წევრ თამაზ ნავერიანთან დაპირისპირება მოუვიდა.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არსებული მდგომარეობის შესწავლისთვის შეიქმნა, მუშაობა დაასრულა. როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ერთ დოკუმენტში წარმოება არასწორად იყო გაკეთებული, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიის გაყოფას ეხებოდა. ამასთან, მისი თქმით,  ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობა არ იკვეთება.

დატოვე კომენტარი