შოთა ხაბარელი დავით ქევხიშვილს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს
შოთა ხაბარელი დავით ქევხიშვილს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს, მის მხარდამჭერებს კი ურჩევს, ქევხიშვილის დაცვას თავი დაანებონ.

ჟურნალისტებთან საუბარში შოთა ხაბარელმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ქევხიშვილის დამცველში, თუმცა კითხვაზე – დგას თუ არა უკან ქევხიშვილის უკან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, უპასუხა, რომ ყველამ გონიერება უნდა გამოიჩინოს.

„სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ გონიერება უნდა გამოიჩინოს. ის ადამიანი, ვინც იცავს, არასწორს აკეთებს. მოვუწოდებ, რომ არასწორ დაცვას თავი დაანებონ. რაც შეეხება დასკვნას, სპორტის მინისტრს არც იმის უფლება აქვს, რომ თქვას, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს და არც იმის, რომ არ უნდა გადადგეს. მინისტრმა თქვა, რომ საკითხი შეისწავლა, მეხუთე პუნქტის დარღვევები გამოვლინდა, როცა მან მწვრთნელები თანამდებობიდან გადააყენა. კომისიამ აღნიშნა, რომ ეს დარღვევა იყო.

ფინანსური მანიპულაცია მოხდა, მწვრთნელებს „ატკატი” უკან მიჰქონდათ, თავად კი ამბობს, რომ შეთანხმება იყო. არანაირი შეთანხმება და ხელშეკრულება არ ყოფილა. კომისიამ აღნიშნა, რომ ესეც დარღვევაა. ფაქტობრივად, ეს იმის აღიარებაა, რაც ქევხიშვილმა თქვა. მან აღნიშნა, რომ თუ კომისია ერთ დარღვევას აღმოაჩენდა, თანამდებობას დატოვებდა. მინისტრმა ცალსახად თქვა, რომ დარღვევა იყო. ანუ, უნდა გადადგეს. სიტყვას ფასი აქვს, მით უმეტეს, კაცებში, მოჭიდავეებსა და სპორტში. ვხედავთ, როგორ ჯიუტდება და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამ პროცესში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა ადეკვატური რეაქციაა? ვისი მწვრთნელი უნდა იყოს? სირცხვილი არ იქნება, რომ დარბაზში შევა და სპორტსმენები არ დახვდებიან? საქართველოში რომ მწვრთნელები გვყავს, მათზე უკეთესი სად არსებობს? ჩვენი მწვრთნელები ევროპაში აღიარებული არიან. ევროპის საუკეთესო მწვრთნელი უზნაძე გაუშვა და სადაც წავიდა, იქ საქართველოს აჯობა. არასოდეს მომხდარა, რომ თურქეთს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე მოეგო“, – აღნიშნა ხაბარელმა.

დეპუტატი ადასტურებს, რომ მას ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე უმრავლესობის წევრ თამაზ ნავერიანთან დაპირისპირება მოუვიდა.

„ნავერიანი გამოვიდა და იცავდა, რომ დარღვევა არ იყო. ფაქტიურად, კომისიისა და მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და ჩვენი დაპირისპირება ამან განაპირობა. ქევხიშვილს პირდაპირ იცავდა. მინისტრმა თქვა, რომ დარღვევა იყო და ნავერიანი ყველაფერს ცდილობდა, რომ ეს ოქმში არ დაფიქსირებულიყო. იცის, ქევხიშვილისთვის ეს რას ნიშნავს, რადგან მან თქვა, თუ დარღვევა იქნება, გადავდგებიო. ქევხიშვილი დღესვე  უნდა იყოს გადამდგარი. ადამიანი არსებობს, რომელიც მას აჩერებს – ადამიანი წყლიდან რომ ამოდის და უკან რომ ითრევს. ცეზარ ჩოჩელს თავისი გაჭირვება ეყოფა. ჩოჩელი ხმამაღლა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი მისი ძმაკაცია. იმ არეალიდან ვერ გამოვიდა, კიდევ იქ არის დარჩენილი”, – განაცხადა ხაბარელმა.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არსებული მდგომარეობის შესწავლისთვის შეიქმნა, მუშაობა დაასრულა. როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ერთ დოკუმენტში წარმოება არასწორად იყო გაკეთებული, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიის გაყოფას ეხებოდა. ამასთან, მისი თქმით,  ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობა არ იკვეთება.