თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის ანგარიში პოზიტიურია და ობიექტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს
თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის ანგარიში პოზიტიურია და ობიექტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს

ადგილი ჰქონდა არაჯანსაღ ინტერპრეტაციებს და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენა წარმოჩინდა ნეგატიურად, – ასე ეხმაურება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის ნეგატიურ შეფასებებს.

თამარ ხულორდავას თქმით, შეიქმნა არარეალური ვითარება და მიწვეული ექსპერტის ნონა მიხელიძის კვლევა, რომელიც მისი განმარტებით არ არის ანგარიშის ნაწილი, წარმოჩინდა ოფიციალური ანგარიშის ნაწილად.

ხულორდავას შეფასებით ექსპერტ ნონა მიხელიძის კვლევა ტენდენციურია.

„ჩემთვის სამწუხაროა, როცა ვადევნებდი მედიასაშუალებებში როგორ გაშუქდა ეს საკითხი. ადგილი ჰქონდა არაჯანსაღ ინტერპრეტაციებს და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენა წარმოჩინდა ნეგატიურად. ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს და მთელი აქცენტი გაკეთდა ერთ-ერთ კვლევაზე, რომელიც არ არის ანგარიშის ნაწილი და ისე იყო წარმოჩენილი თითქოს ევროპარლამენტი იყო ძალიან კრიტიკული საქართველოს მიმართ.

მინდა განვმარტო, რომ ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს ერთ ანგარიშზე. ეს არის ანგარიში, რომელიც მომზადებულია საქართველოს თაობაზე ოფიციალური ევროპარლამენტის მომხსენებლის მიერ. ეს ანგარიში, კიდევ გავიმეორებ, არის ძალიან პოზიტიური და აფასებს ძალიან ობიექტურად მთელ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება. სწორედ ამ ერთ ანგარიშზე მუშაობს ევროპარლამენტი. ამ ანგარიშს კენჭი კომიტეტში ოქტომბერში ეყრება და შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი ნოემბერში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ანგარიში ასევე იქნება ძალიან პოზიტიური და ასახავს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დებს ევროინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატის განცხადებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიში მნიშვნელოვანი და პოზიტიურია.

„ანგარიში არის ძალიან პოზიტიური. მასში არის შეფასებული ის რეფორმები და ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის ქუდის ქვეშ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგიდან გამომდინარე განხორციელდა. აღნიშნულია და განსაკუთრებული ხაზგასმაც არის გაკეთებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მედიაგარემოს პლურალისტობაზე და თავისუფალი გარემოს არსებობაზე, კორუფციის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაზე, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებზე, საკანონმდებლო დაახლოების ინტენსივობის და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მოკლე ანგარიში და მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ყველა პოზიტიურ, ყველა ზოგადად მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე რეფორმას ეს ვერ ასახავს, მაგრამ ანგარიში არის უაღრესად პოზიტიური“,- განაცხადა ხულორდავამ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.