თამარ ჩუგოშვილი - პანკისში მომხდართან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, შესაბამისი უწყებები ამაზე მუშაობენ
თამარ ჩუგოშვილი - პანკისში მომხდართან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, შესაბამისი უწყებები ამაზე მუშაობენ

ყველა კითხვაზე პასუხი ამ ეტაპამდე არ მაქვს და ჩემი ინფორმირებულობის დონე ჯერ არ არის საკმარისი, რომ ზუსტად ვიყო დარწმუნებული, რა მოხდა პანკისში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს პანკისში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია.

„ბევრი რამ არის გასარკვევი პანკისთან დაკავშირებით, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. რამდენად არის პირველი ეკონომიკის სამინისტრო, ვინც უნდა იყოს ამ მოლაპარაკებებში ჩართული, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრია ჯერ კიდევ გამოსარკვევი იქ განვითარებულ მოვლენებზე. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები ამაზე მუშაობენ, აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც არის აუცილებელი. შემდეგი ნაბიჯები უკვე სახელმწიფოსგან დაიგეგმება შესაბამისად. ამ ეტაპზე, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ყველა კითხვაზე პასუხი ამ ეტაპამდე არ მაქვს, რადგან ჯერ კიდევ გასარკვევია, ზუსტად რა მოხდა. როგორც ვიცი, ამ თემაზე მუშაობენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, რადგან ის უშუალოდ არის ჩართული საკითხში.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, 21 აპრილს ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის, „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა აშენდეს.