თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ვითხოვ, დაუყოვნებლივ ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რადგან ყველაფერს თავისი ვადა აქვს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგონას მხრიდან თვითმკვლელობა გამორიცხულია.
„თვითმკვლელობაზე არათუ ვლაპარაკობ, ფიქრიც კი გამორიცხულია“, – აცხადებს ადვოკატი.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას მცირე რაოდენობის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აქვს გამოთხოვილი.
„ვითხოვ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. გასაკვირია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ძალიან ცოტა ვიდეო სათვალთვალო კამერების ამონაწერებზე აქვთ მოთხოვნა დაყენებული. მათი მხრიდან თუ იყო შვიდი მოთხოვნა, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე დაახლოებით 30-40-მდე ავიდა ეს მოთხოვნები, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ობიექტებიდან.
დღეს ვიყავი ადგილზე გასული, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს. გზატკეცილზე გავედი და დავაფიქსირე რამდენიმე ვიდეო სათვალთვალო კამერა. დავუკავშირდი საგამოძიებო ორგანოებს და შევატყობინე, რომ იქაც არსებობს რამდენიმე კამერა, არის რამდენიმე ობიექტი, სადაც შესაძლოა, შეხვედრა ყოფილიყო. მოვითხოვე, დამატებით გამოეთხოვათ ჩანაწერები.
როგორც ჩანს, მხოლოდ იმ ადგილებში განახორციელეს სამძებრო ღონისძიება, სადაც ბოლოს ნახეს. ჩემთვის ძალიან გასაკვირი არის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, სამხარეო პოლიცია რატომ არ ეძებენ მოშორებით. შემიძლია, გითხრათ, რომ დეტალურად დავათვალიერე ყველა ადგილი, სადაც მცხოვრებლებმა დააფიქსირეს გადაადგილება. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი წავიდეს იმხელა გზაზე თვითმკვლელობისთვის. თვითმკვლელობაზე არათუ ვლაპარაკობ, ფიქრიც კი გამორიცხულია“, – აცხადებს ადვოკატი.
მიხეილ რამიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დრონის კადრებთან დაკავშირებით მას უთხრეს, რომ ლაივში ცოცხლად უყურებდნენ.
„რა დროს ცოცხლად ყურებაა, როდესაც საქმეს უნდა ერთვოდეს, რომელი ლოკაცია იყო დათვალიერებული, როგორი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ, რამდენად ოპერატიულად მიმდინარეობდა ყოველივე.
მარტო მოწმეების ჩვენებები ჩემთვის საკმარისი არ არის. საჭიროა, ვნახო ვიდეოჩანაწერები, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სატელეფონო ჩანაწერები, ვნახო დრონის ჩანაწერები, სად ხორციელდებოდა სამძებრო სამუშაოები. ეს ჩემამდე არ არის მოსული. რომ ვიკითხე, მითხრეს, გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნაო. ვითხოვ, დაუყოვნებლივ მოხდეს ვიდეოების ამოღება, ყველაფერს თავისი ვადა აქვს და ისე არ მოხდეს, ითქვას, რომ წაიშალა, თავისი ვადა ჰქონდა და ა.შ.“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.