ტაიმაუტის ექსკლუზივი | გიორგი ასანიძე - სამუშაო ბევრია, თუმცა მჯერა კიდევ ბევრ მედალს მოვიპოვებთ #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე სტუმრობდნენ.
გადაცემის წამყვან გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად მათ ახლად დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლასა და სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკეს. გიორგი ასანიძემ საუბარი ლაშა ტალახაძის ტრავმით დაიწყო:
– 23 აპრილს ნაკრების შემადგენლობა უნდა დაგვესახელებინა. 20 აპრილს ძალოსნები მაქსიმალურ წონებთან მივიდნენ. სწორედ ამ დროს მიიღო ტრავმა ლაშამ – მარცხენა, მცირე კუნთი გაწყდა. მაშინვე ჩავრთეთ ექიმები და მდგომარეობის შესწავლისა და მკურნალობის შემდეგ მათ ლაშას ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მისცეს. ასეთ საკითხებს თავად ლაშასთან ერთად ვწყვეტ, უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს.
– საბოლოოდ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ევროპის ჩემპიონატზე გამოვსულიყავით. ეს არ არის მხოლოდ ერთი მედლის ისტორია, ესაა დიდი გზა, რომელსაც უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი გადის. რომ არა ეს ტრავმა ჩვენ ამ შეჯიბრებაზეც მზად ვიყავით ორჭიდში 500 კილოგრამისთვის.
– ევროპის ჩემპიონატზე ჩემი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ათივე სპორტსმენი მივიდა მედალზე, გადამწყვეტი იყო, ვის როგორ გაუმართლებდა. საქართველოს ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია, ხან ერთი დაგვწყვეტს გულს, ხან მეორე – გაგვახარებს. უახლოეს ტურნირებში უფრო ბევრ მედალს მოვიპოვებთ, ამის თქმის უფლებას ბიჭების შრომა და თავდადება მაძლევს.