ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლაშა ტალახაძე - ფორმაში თუ არ ვიქნებით, კონკურენტები გამოჩნდებიან #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლაშა ტალახაძე - ფორმაში თუ არ ვიქნებით, კონკურენტები გამოჩნდებიან #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სტუმრობდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული მეექვსედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა კონტინენტის პირველობაზე ისე ასპარეზობდა, რომ ტრავმა მოშუშებული არ ჰქონდა.

ლაშა ტალახაძე: „ტრავმა შეჯიბრზე გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე მივიღე. თუმცა ეს კარგი გაკვეთილი და გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან წლებია, ისე ვასპარეზობ, რომ ტრავმა არ მიმიღია. წინ მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს, მანამდე საქართველოს ჩემპიონატი იქნება. მე მზად ვარ გავაგრძელო ასპარეზობა. კიდევ ბევრი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად. რა თქმა უნდა, ეს გზა რთულია, მაგრამ გავივლით და მივალთ მსოფლიო ჩემპიონატამდე. შეჯიბრის შემდეგ არაფერი მაწუხებს, პირიქით, ფსიქოლოგიურად უფრო დავრწმუნდი, რომ მეტი შემიძლია“.

„ტაიმაუტის“ წამყვანის, გია თვალაბეიშვილის შეკითხვაზე, ხო არ გამოჩნდა კონკურენტი, ლაშა ტალახაძემ უპასუხა:

„სომეხი სპორტსმენები ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი შედეგების გამო, ეს შეიძლება ნაკლებად ჩანს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ატაცში 211 კილოგრამი რეკორდი იყო, სანამ ჩვენ არ მოვხსნიდით. როცა სპორტსმენი 210 კილოზე მეტს იტაცებს, მინასიანმა კი 216 კილო აიტაცა, ეს დიდი შედეგია. აქედან გამომდინარე, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვივარჯიშებთ და ფორმაში არ ვიქნებით, კონკურენტები აუცილებლად გამოჩნდებიან“.

დატოვე კომენტარი