უიმბლდონის ქალთა ტურნირზე მესამე ნახევარფინალისტი გახდა უკრაინელი ელინა სვიტოლინა. მან შეწყვიტა „დიდი სლემის“ ტურნირებზე მეოთხედფინალებში წაგებათა სერია და კარიერაში პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.
უკრაინელმა ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა მსოფლიოს 68-ე ჩოგანი, ჩეხი კაროლინა მუხოვა. სვიტოლინას ორივე სეტში მოუწია ხასიათის გამოვლენა. პირველ პარტიაში ის ანგარიშით 2:5 იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო. მეორე სეტში ანგარიშით 0:2-ს აგებდა და ისევ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო, მაგრამ პირველ ჯერზე ვერ შეძლო მატჩზე ჩაწოდება, თუმცა ანგარიშით 5:4-ზე ეს მოახერხა და გახდა პირველი უკრაინელი ქალი, რომელიც „დიდი სლემის“ ნახევარფინალში ითამაშებს.
ამ ეტაპზე მისი მეტოქე იქნება სიმონა ჰალეპი. ამ ჩოგბურთელთან ბოლო მატჩი მოიგო რუმინელმა – თებერვალში დოჰას ტურნირზე, მანამდე კი ზედიზედ სამი თამაში მოგებული ჰქონდა სვიტოლინას.