სვეტლანა ალექსიევიჩი - მეჩვენება, რომ პუტინი და ლუკაშენკო საკუთარი იდეების მძევლები არიან, მათ ადამიანური ცხოვრება აღარ აქვთ
ნობელის პრემიის ლაურეატის, ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის თქმით, „პუტინი და ლუკაშენკო საკუთარი იდეების მძევლები არიან“. ამის შესახებ ალექსიევიჩი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საუბრობს. ნობელიანტი მწერალი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები ახლა უფრო „გლობალურად აზროვნებენ და მომავალი მათ ეკუთვნით“.
„მე მეჩვენება, რომ პუტინი და ლუკაშენკო უკვე საკუთარი იდეების მძევლები არიან. დიქტატორული რეჟიმები სასტიკად ექცევიან თავად დიქტატორებსაც. მათ ადამიანური ცხოვრება აღარ აქვთ“, – ამბობს ალექსიევიჩი.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც პუტინი და ლუკაშენკო ნანობენ, მონარქიის არარსებობაა, რომ ხელისუფლება მემკვიდრეობით გადასცენ.
„მათ მონარქიული წყობა სურთ, რადგან პუტინიც და ლუკაშენკოც უკვე დაიღალნენ ამ პრიმიტიული დემოკრატიის თამაშით, რომლისაც აღარავის სჯერა. მე მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან მათ საკუთარი ცხოვრებით არ უცხოვრიათ. კი, ბატონო, მილიარდები, ბინები, სასახლეები, მაგრამ ეს ხომ არ გვაბედნიერებს!“ – აცხადებს ალექსიევიჩი.
ნობელიანტი მწერალი მიიჩნევს, რომ ახალი თაობა განსხვავებულად აზროვნებს და მომავალი მათ ეკუთვნით.
„ცოტა ხნის წინ ვიყავი ლონდონში, სადაც ახალგაზრდა ეკოაქტივისტებს შევხვდი. ერთ-ერთი მათგანი პინგვინებს იცავს. ეს ადამიანები დედამიწაზე აღარ ცხოვრობენ, ისინი კოსმოსში არიან. ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ არ ანაღვლებთ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია გლობალური სამყარო და გლობალური პრობლემები. თაობა, რომელიც „ჰარი პოტერით“ გაიზარდა, სხვაგვარად აღიქვამს სიკეთისა და ბოროტების საკითხებს. მომავალი შვედ ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგის თაობას და მათ იდეებს ეკუთვნის“, – განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.