„სუპერ რაგბი“-ს დაშლა - სამხრეთულ საკლუბო რაგბიში პრობლემებია
14:36, 24.07.2020
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რობინსონმა გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძველ საერთაშორისო საკლუბო ტურნირ „სუპერ რაგბი“-ს ფორმატი შეუცვალოს, ან სულაც დაშალოს. გასაკვირი ამაში ბევრი არაფერია, ახალ ზელანდიურ კლუბებს ჩატარებული 24-დან 17 აქვთ მოგებული, ბოლო სეზონებში დომინირებენ და 2019 წლის მსოფლიო თასზე სანაკრებო წარუმატებლობას ძირითადად სწორედ საკლუბო დონეზე „სუსტი მეტოქეების“ წინააღმდეგ თამაშს აბრალებენ.
ახალ ზელანდიელების გეგმა ასეთია – ჩაატარონ ახალი ტურნირი, ისევ იმავე დასახელებით, ოღონდ მასში ხუთ ახალ ზელანდიურ კლუბთან ერთად ორი ავსტრალიური და ერთი კუნძულელთა კლუბი ითამაშებს.
ცხადია, რომ შეთავაზებული ვერსია ავსტრალიელებმა არ მოიწონეს. ამისთვის, მათ მოუწევთ არსებული გუნდებიდან ორის შიდა ჩემპიონატზე გადაწევა, რითაც მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს დაკარგავენ. მათ წლევანდელ გათამაშებას უკვე დაამატეს ორიოდ წლის წინ ტურნირიდან გაძევებული „ვესტერნ ფორსი“ და ახალ ზელანდიელთა მსგავსად შინ მართავენ ხუთგუნდიან ტურნირს. ავსტრალიის რაგბის კავშირის თავმჯდომარის ჰამიშმაკლენანის თქმით, გეგმები მათაც აქვთ – ისინი ათ გუნდიან ტურნირის ჩატარებას აპირებენ, რომელშიც ხუთ ავსტრალიურთან ერთად არგენტინული, იაპონური და კუნძულელების გუნდები ითამაშებენ.
ორივე ტურნირი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, თუმცა მხარეებს, რა თქმა უნდა, დაწყებული აქვთ როგორც ერთმანეთთან, ასევე სავარაუდო სპონსორებთან საუბარი.
ყველაზე მშვიდად სამხრეთ აფრიკელები არიან. მათ ისედაც ათვისებული ჰქონდათ ევროპული რაგბი, რადგან „ჩიტაზი“ და „კინგზი“ , მას შემდეგ რაც „სუპერ რაგბი“-დან კონფერენციების სისტემის შექმნის შემდეგ წასვლა მოუწიათ, „პრო 14“-ში ასპარეზობენ. ბრიტანელები, რომლებიც „პრო 14“-ის ორგანიზატორები არიან, ღიად ამბობენ, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებენ სამხრეთ აფრიკელებთან და „პრო 14“, შესაძლოა, სულაც „პრო 16“-ად იქცეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირს კიდევ ორი სამხრეთ აფრიკული გუნდი დაემატება.
ყველაზე სევდიანი ამ ამბავში არგენტინული „ხაგუარეს“-ის ბედია, რომელიც პრაქტიკულად უტურნიროდ რჩება. არადა, არგენტინელებმა წარუმატებელი პირველი ორი სეზონის შემდეგ (2016, 2017) ჯერ პლეი-ოფში გააღწიეს (2018), ხოლო შარშან კი ფინალისტებიც იყვნენ. თუკი ავსტრალიელები ახალ ზელანდიელების შემოთავაზებას მაინც დათანხმდებიან, არგენტინულ და იაპონურ კლუბებს ან დაშლა მოუწევთ, ან შიდა გათამაშებებში ასპარეზობა. გაურკვევლობა უკვე აისახა არგენტინულ რაგბიზე და „ხაგუარეს“-ის წამყვანი მოთამაშეების ნაწილი უკვე ევროპაში – საფრანგეთსა და ინგლისში აფორმებენ კონტრაქტს.