ავსტრალიური „სუპერ რაგბი“ „ბრამბიზმა“ მოიგო [ვიდეო]

ავსტრალიური „სუპერ რაგბის“ 2020 წლის გამარჯვებული „ბრამბიზი“ გახდა. ქენბერულ გუნდს ფინალურ დაპირისპირებაში „რედსი“ შეხვდა, რომელიც სანახაობრივ ბრძოლაში, ანგარიშით 28:23 დაამარცხა.

დაპირისპირების პირველი ლელო მე-17 წუთზე, მოლის შემდეგ, ფოლაუ ფაინგამ დადო. 26-ე წუთზე „ბრამბიზის“ უპირატესობა ენდი მუირჰედმა გაზარდა და საკუთარ გუნდს კომფორტული, 12 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე „წითლები“ თამაშში ჯორდან პეტაიას ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ დაბრუნდნენ, რომელმაც მეტოქის დაცვის ხაზი ცრუმოძრაობებით გაჭრა, ვილსონს ოფლოუდი ამოუგდო და „რედსის“ რვა ნომერს ლელოს დადება აღარ გასჭირვებია. ტაიმის ბოლომდე ჯეიმს ო’კონორმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და ქვინსლენდელებმა პირველი ნახევარი მხოლოდ ორქულიანი სხვაობით დათმეს – 15:13.

მეორე ტაიმის სტარტზე ისევ „ბრამბიზი“ გააქტიურდა და პირველი ლელო სწორედ მათი ფულბეკის, ტომას ბენკსის ანგარიშზეა. 49 წუთზე ლოლოსიომ არეკნი გაიტანა და ქენბერელებს 12 ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა – 25:13.  „რედსმა“ ერთხელაც გაიბრძოლა და ბლითის ლელოთი თამაშში დაბრუნდა, თუმცა დარჩენილ 15 წუთში ქულა ვერც ერთმა გუნდმა ვეღარ მოიპოვა და „ბრამბიზი“ დამსახურებული ჩემპიონი გახდა. ეს კლუბისთვის მესამე ტიტულია – ქენბერელებმა გამარჯვება 2001 და 2004 წლებშიც მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო წელს „ზე რაგბის“ გათამაშება შეცვლილი ფორმატით გაიმართა – ავსტრალიურმა და ახალ ზელანდიურმა კლუბებმა „სუპერ რაგბის“ ადგილობრივი გათამაშებები წამოიწყეს. ტურნირის ახალ ზელანდიური ვერსია „სუპერ რაგბი აოტეაროა“ „ქრუსეიდერსის“ გამარჯვებით დასრულდა.