ერთა თასის D ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს, ლატვიისა და ანდორას საფეხბურთო ნაკრებებთან ერთად ყაზახეთიც მოხვდა. ეს გუნდი იანვრიდან მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მის შემცვლელს ეძებს.
ყაზახური მედიის ცნობით, ყველაზე რეალური კანდიდატი „ასტანას“ დამრიგებელი სტანიმირ სტოილოვი იყო. ბულგარელ სპეციალისტს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უმუშავია, ”ასტანა” კი 2014 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ჩემპიონობას არავის უთმობს. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ყაზახური გუნდი ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ხოლო ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ასტანა“ 1/16-ფინალშიც მოხვდა.
მაგრამ ყაზახურმა გუნდმა პორტუგალიურ “სპორტინგთან” პირველი შეხვედრა საკუთარ სტადიონზე 1:3 წააგო და მატჩის შემდგომ სტოილოვმა ყაზახების ნაკრებში მუშაობის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ჩანს, რომ “ასტანას” სპონსორს გუნდის წინსვლა არ სურს. კარგი ფეხბურთი თუ გინდა, ფულია საჭირო. 2-3 თვეა, პრემიებს ველოდებით – დავიღალე ამაზე ლაპარაკით და “სპორტინგთან” განმეორებითი შეხვედრის შემდეგ (“ასტანაში”) ჩემს მომავალზე დავფიქრდები… თუკი ქვეყნის საუკეთესო კლუბში ასეთი პრობლემებია, ნაკრებზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ? ყაზახეთში საკლუბო ფეხბურთის დონე არ იზრდება, უკან მიდის და ნაკრებში რომელი მწვრთნელი იმუშავებს ან ეროვნული გუნდი როგორ გავაძლიერო? ეს ყველაფერი დასაფიქრებელია. უკეთესი იქნება, სამშობლოში დავბრუნდე და დავისვენო”, – ამბობს სტოილოვი.