სტოიანოვმა საქართველოსთან ფიასკოს შემდეგ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების შეფასებისას გუნდის ყოფილმა წევრმა ილია სტოიანოვმა გუნდიც და ქვეყნის ფედერაციაც გააკრიტიკა. „თემა სპორტთან” ინტერვიუში მან ისაუბრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1-1) და საქართველოსთან (2-5) მატჩებზე. ყოფილი მცველი მტკიცედ ამბობს, სანამ ფედერაციის ხელმძღვანელობაში ბობი მიხაილოვია, წარმატების შანსი არ აქვთ.
„ცოტა ხანს ვუყურე (2:5 საქართველოსთან) და ჩემს შვილს ვუთხარი, წადი, დაიძინე-მეთქი. ვუყურე პირველ მატჩს ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან და შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნული ნაკრები ძალიან ცუდად თამაშობდა. ჩვენ სრულიად გვაჯობეს და უნდა გვიხაროდეს, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ყველაფერი ტრაგიკულადაა. იგივე შენიშვნები 16-17 წელია ისმის, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები არასოდეს არიან დამნაშავეები, ისინი ხელს ყოველთვის ფეხბურთელებისკენ იშვერენ.
დიმიტარ ბერბატოვს აძაგებდნენ იმის გამო, რომ მან ბულგარეთში თამაშზე უარი თქვა. ეს მოგვიანებით მოხდა იველინ პოპოვის შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი იორდან ლეჩკოვის საქმიანობის შედეგია, მაგრამ კვირას თქვა, რომ ეს მათი კი არა, ფეხბურთელების ბრალი იყო. წავიკითხე მისი გამოსვლა. სანამ ეს ხალხი არ წავა და ფედერაციაში უფრო სერიოზული ადამიანები არ მივლენ, ეს არ მოხდება. მე არ ვამბობ, შეუძლია თუ არა ბერბატოვს ბულგარული ფეხბურთის გამოსწორება, მაგრამ შანსი მაინც მისცენ.
ეს კორუმპირებული ინსტიტუტი ბულგარეთში უნდა აღმოიფხვრას. საქართველოსთან 2:5 წაგების შემდეგ დავინტერესდი, ასეთ შედეგამდე როგორ დავეცით. ასეთ გუნდთან სახლში წაგება საწყენია. ადრეც მსგავსი შედეგით ვუგებდით, ახლა კი ყველაფერი აშკარად იცვლება“, – ამბობს სტოიანოვი, რომელმაც ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობაში 40 თამაში ჩაატარა და ასევე მონაწილეობდა ბოლო დიდ ჩემპიონატში, რომელზეც ბულგარეთი გავიდა – ევრო 2004-ზე.
ყოფილი ფეხბურთელი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა იაპონიაში, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა. მისი აზრით, შედეგები იასენ პეტროვის საქმიანობის შედეგია, მაგრამ დამნაშავედ ფედერაციის ხელმძღვანელები დაასახელა, ვინც ის ნაკრებში მწვრთნელად დანიშნა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ის განსაზღვრავდა, ვინ უნდა გამოეძახა და სასტარტო შემადგენლობაში ვის ეთამაშა. მწვრთნელებს მხოლოდ მაშინ ვენდობოდი, როცა ეროვნულ ნაკრებში ლიუბოსლავ პენევი და პეტარ ხუბჩევი იყვნენ. ორივეს რომ ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, მათ საქმეში ვერავინ ჩაერეოდა. ამიტომ, შედეგები უკეთესი იყო. არც ერთის და არც მეორეს ფეხბურთელებს ხელმძღვანელები არ ურჩევდნენ და გუნდში კარგი ატმოსფერო იყო. ასეთი უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი“, – თქვა სტოიანოვმა.
მისთვის არსებული ვითარება მტკივნეულია: „რომელ საუკუბეში ვცხოვრობთ? სერიოზული ზრდა აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, გიბრალტარი და ალბანეთი და მხოლოდ ჩვენ ვთხრით ფსკერს და წარსულის დიდებით დავფრინავთ. მთელი ჩვენი სისტემა არასწორია. ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აშენებენ სტადიონებს, ზრდიან მწვრთნელებს, რომლებიც ავარჯიშებენ მოზარდებს, აშენებენ აკადემიებს… ჩვენს ხელმძღვანელობაში კი ბრძანებას პოლიციელები და მათი ნათესავები იძლევიან“.