საქართველოსთან მატჩამდე - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს #1TVSPORT
საქართველოსთან მატჩამდე - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე, ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იასენ პეტროვს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ემილ კოსტადინოვმა, რომელიც ნაკრებ გუნდებს კურირებს, გამოაცხადა, რომ მწვრთნელთან ოფციონის წესით გაფორმებული კონტრაქტი (1+1) კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ იასენ პეტროვის გაწეული მუშაობით კმაყოფილია. პეტროვმა ნაკრები მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. შემდეგ იასენ პეტროვის ხელმძღვანელობით, ბულგარეთმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გასვლაზე იტალიასთან 1:1 ითამაშა, შინ კი ლიეტუვა 1:0 დაამარცხა, რამაც ჯგუფში მეორე ადგილზე დაწინაურების საშუალება მისცა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ბულგარეთმა ლიეტუვასთან მოგებით წარუმატებელი თამაშების სერიის შეჩერება მოახერხა, რომელიც 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. ბულგარელებმა ჩეხეთი 1:0 დაამარცხეს და მას შემდეგ გუნდმა 16 ოფიციალური მატჩიდან მხოლო ერთი მოიგო და ისიც გიბრალტართან. იასენ პეტროვის ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდი თამაში ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

იასენ პეტროვმა შეცვალა გიორგი დერმენჯიევი, რომლის კონტრაქტი 2020 წლის დეკემბერში ამოიწურა და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ხელშეკრულება აღარ გაუხანგრძლივა.

„ჩვენ მას მივეცით ამოცანა, რომ გუნდი განაახლოს. პეტროვი ამ ამოცანას თავს კარგად ართმევს და ლოგიკური იქნებოდა, რომ ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაზეც მან იმუშავოს”, – თქვა კოსტადინოვმა.

ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.