სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „ქართული მარშის“ წევრებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს
ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. რაც შეეხება თავად გაერთიანების წევრების პოზიციას, ბრეგაძე განმარტავს, რომ გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭერს, თუმცა ოცნების კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას წევრები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.
„შეკრებაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა „ქართული მარშის“ პოზიციასთან დაკავშირებით. მაგრამ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, „ქართული მარში“ ვერ და არ დაუჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. ჩვენი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის მხარდაჭერა იქნებოდა სრული აბსურდი, ამიტომ ჩვენი ხმები გრიგოლ ვაშაძესთან არ წავა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს „ქართული მარშის“ წევრებს შორის. ანუ ჩვენ არ მოვუწოდებთ კანდიდატის მხარდაჭერისკენ. თუკი ვინმეს სურვილი ექნება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის, მათი ნება იქნება. თუკი ვინმეს სურვილი ექნება ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის, ესეც მისი უფლება იქნება“,-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.