სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დღეს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდება.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც სპორტსმენს აქვს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს სახელით ასპარეზობა და პროფესიული საქმიანობის საკუთარ ქვეყანაში გაგრძელება შეძლოს.

„მისგან მოვისმენ იმ პრობლემების შესახებ რაც გააჩნია, რათა მან შეძლოს პროფესიული მოვალეობის გაგრძელება საკუთარ ქვეყანაში. ყველა სპორტსმენი ჩვენთვის ღირებულია და აუცილებელია, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს, მით უმეტეს, რომ 2018 წელი ძალიან წარმატებული და უპრეცედენტო იყო სპორტსმენებისთვის, რომელთაც გვასახელეს. ამ ყველაფრის ფონზე კი აუცილებელია, რომ ეს კონფლიქტი, რომელსაც არ გავურბივართ, გადაიჭრას“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე განცხადებით, პრობლემები სხვა ფედერაციებშიც იკვეთება, რისთვისაც კვლევა ტარდება, რომლის მიხედვითაც დადგინდება, ვის რა უფლება ექნება და ასევე განისაზღვრება სამუშაო პროცესი ფედერაციაში.

„პრობლემები სხვა ფედერაციებშიც იკვეთება. რამდენიმე ფედერაციაში ვატარებთ კვლევას და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ზომებს და განსაზღვრული იქნება ყველა მონაწილის სამუშაო პროცესი ფედერაციაში დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული სპორტსმენამდე – ვის რა უფლებები ექნება და რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ასევე იგეგმება დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრა.

„ჩვენთვის, საკანონმდებლო ორგანოსთვის მნიშვნელოვანია, მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი საკანონმდებლო ჩარჩოები. მიუხედავად იმისა, რომ შევძელით და ფედერაციები დღეს დამოუკიდებლები არიან, თვითონ ირჩევენ თავისთვის სასურველ კანდიდატს, აუცილებელია, საარჩევნო სისტემის გამოსწორება“, – დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.  სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობასაც ინარჩუნებს.