„სპორტფოტო 2018“-ის კატალოგის პრეზენტაცია და გამოფენა „ფაბრიკაში“ გაიმართება
„სპორტფოტოს“ საიუბილეო მეხუთე გამოფენა განსხვავებული ფორმატის იქნება. საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით წელს წარმოდგენილი იქნება იმ სპორტული ფოტოგრაფების 150 ნამუშევარი, ვინც პროექტში დაარსების დღიდან მონაწილეობს.
„სპორტფოტო 2018“-ზე 12 პროფესიონალის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ფოტოგრაფის თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები იქნება გამოფენილი. პარალელურად დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება კიდევ რამდენიმე ავტორის (სპორტული ფოტოგრაფის) ვიდეო-ინსტალაცია იხილოს, რაც საერთო ჯამში მნახველს 2018 წლის 300-მდე საინტერესო სპორტული კადრის ხილვის საშუალებას მისცემს. პროექტის ფარგლებში, რომელიც ორ დღეს გასტანს, შეხვედრები ფოტოგრაფებთან და ქართველ სპორტსმენებთან ჩატარდება.