კიევში ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გამოფენა გაიხსნა, რომელიც თბილისში, 26 მაისის აქციის დარბევას ასახავს [ფოტოები]
კიევში ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გამოფენა გაიხსნა, რომელიც თბილისში, 26 მაისის აქციის დარბევას ასახავს [ფოტოები]

კიევის უკრაინულ სახლში ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა თბილისში, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას ასახავს.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია აჩვენონ საზოგადოებას, რა მეთოდებით მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

მათი თქმით, უკრაინაში საზოგადოების ნაწილი საქართველოს ექსპრეზიდენტს იცნობს როგორც დემოკრატს, ლიბერალს, რეფორმატორს და მისი პოლიტიკური საქმიანობის ბოლო წლებზე კი ინფორმაცია არ აქვს. შესაბამისად, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გამოფენა იქნება გაფრთხილება, რომ იგივე სისხლიანი სურათი შესაძლოა, უკრაინაშიც განმეორდეს. ღონისძიების მოწყობის ინიციატორები უკრაინელი ფოტოგრაფები არიან.

„ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რეალური სურათი, რადგან სააკაშვილი ჩამოდის აქ, სისულელეებს უყვება უკრაინელებს, რომ მესიაა და გადაარჩენს უკრაინას. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ მისი მმართველობის მეთოდები და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, სააკაშვილის საკუთარ დანაშაულებზე აგებს პასუხს, მათ შორის იმ დარღვევებზეც, რასაც აქ, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადის, მხედველობაში მაქვს თუნდაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი. ვფიქრობ, რომ ამ გამოფენით უკრაინელი ხალხი დაინახავს სიმართლეს“, – განაცხადა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ.

გამოფენის გახსნას ცნობილი ფოტოგრაფები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო, საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის“ ფოტორედაქტორი ეფრემ ლუკატსკი, რომელიც თბილისში 26 მაისის აქციის დარბევას აშუქებდა და „პირველ არხთან“ საუბრისას 2011 წლის მოვლენები გაიხსენა.

„პრობლემა აქციის დაშლაში არ იყო. მე სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი აქციის დაშლის მომსწრე ვარ, მინახავს იგივენაირი დაუნდობელი, სისხლიანი დარბევები, მაგრამ მერე იძიებენ ამ ფაქტებს და ძალის გადამეტებისთვის კონკრეტულ პირებს ასამართლებენ. აქ კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემა იყო, რომ ჟურნალისტებმა ეს სისხლიანი კადრები გადაიღეს და გაავრცელეს. ამის გამო მათ, ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილ ძალებთან კავშირში დასდეს აბსურდული ბრალი. ეს უკვე ნათლად მიუთითებს, რომ სააკაშვილის დროს ქვეყანაში იყო თავისუფალი სიტყვის პრობლემა. როდესაც ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის შეგრძნებას კარგავს, ამას ტირანიასთან მივყავართ, ხოლო ჟურნალისტების ვალდებულებაა, ტირანების შეჩერება, ჩვენ მათზე მოთვალთვალე ძაღლის ფუნქცია უნდა გვქონდეს, რომ მათ ყოველ ნაბიჯს დავაკვირდეთ. მართალია, ხელისუფლებას აქვს ძალა, შეუძლია ჩაგვსვას ციხეში, გაგვანადგუროს, მოგვექცეს ისე, როგორც მოექცნენ ჩვენს კოლეგებს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს, მაგრამ მერე ხომ ჩნდება კითხვა, უნდა იყვნენ თუ არა ამის გამკეთებლები ხელისუფლებაში“, – განუცხადა პირველ არხს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის“ ფოტორედაქტორმა ეფრემ ლუკატსკიმ.

ფოტოგამოფენა უკრაინულ სახლში იმართება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.