სპეციალური პრიზი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან | თბილისის გრანპრი
საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლა. თბილისის გრანპრი 2019 უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ტრადიციულად, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები დარჩნენ.
საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ გრანპრიზე რამდენიმე ლიდერის გარეშე იასპარეზა. დისკვალიფიკაციის გამო, ტურნირზე ვერ იჭიდავა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა. ჯამში, ჩვენმა გუნდმა 10 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა.
გრანპრის პირველ დღეს, საქართველოს ჰიმნი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) ააჟღერა, ვერცხლის მედალს გიორგი თუთაშვილი დაეუფლა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) გახდნენ.
მეორე დღე მასპინძლებისთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა. კვარცხლბეკზე მხოლოდ ორი ქართველი ავიდა. ბრინჯაოს მედლები ვალერი იაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოიპოვეს.
დასკვნითი, მესამე დღე გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო გამოდგა. ტატამზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ევროპის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავიდნენ. სამწუხაროდ, ჭრიკიშვილი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, ხოლო ოქრუაშვილმა რეპეშაჟში წააგო. სამაგიეროდ, ფინალურ ბლოკში ხუთმა ქართველმა იასპარეზა. გრანპრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. +100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება ლევან მატიაშვილმა იზეიმა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ონისე ბუღაძე დაეუფლა. 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა – ბრინჯაო.
დასკვნითი დღის ფინალური შეხვედრების დაწყების წინ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან ძიუდოს განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. პრიზი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მინისტრის პირველ მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს გადასცა.
წყარო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო