სპეციალური პენიტენციური სამსახური - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატიმრებს სასჯელის მოხდისთვის ღირსეული გარემო ჰქონდეთ
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატიმრებს სასჯელის მოხდისთვის ღირსეული გარემო ჰქონდეთ

სახალხო დამცველის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს ამ მიზნით სადეზინფექციო, სადენზინსექციო, სადერატიზაციო სამუშოების მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადეს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 800 ლარი იყო.

„სადეზინფექციო სამუშოები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში გეგმურად თვეში ერთხელ ტარდება.

გამონაკლისია N8 პენიტენციური დაწესებეულება, სადაც აღნიშნული სამუშაოები გეგმურად, თვეში ორჯერ ხორციელდება. თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში დამატებით ტარდება სადეზინფექციო, სადენზინსექციო, სადერატიზაციო სამუშაოები.

აღნიშნული სამუშაოები პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ ნაწილში, საკნებში (მათ შორის, წინასწარი დაკავების საკნებში, დეესკალაციის საკნებში), დერეფნებში, ხანგრძლივი პაემნის ოთახებში, სამრეცხაოში, მოქალაქეთა მისაღებში, დაცვის სამსახურის ოთახებში და ასევე გარე ტერიტორიაზე ტარდება.

გარდა ამისა, საკნების დეზინფექციისა და გაწმენდისთვის მსჯავრდებულებს გადაეცემათ სპეციალური უსაფრთხო საშუალებები, რითაც შეუძლიათ საკნების დამუშავება. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების უმეტესობაში პატიმრები საკნებში იღებენ საკვებს, რაც დაწესებულებებში მწერების გაჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სპეციალური პენიტენციური სამსახური მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებს სასჯელის მოხდისთვის ღირსეული გარემო შეუქმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა მხოლოდ ადმინისტრაციისა და პატიმრების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.