სპალეტის პრობლემები - „ნაპოლის“ „იუვენტუსთან“ სამი მოთამაშე დააკლდება, რაჰმანის მდგომარეობა გასარკვევია #1TVSPORT
სპალეტის პრობლემები - „ნაპოლის“ „იუვენტუსთან“ სამი მოთამაშე დააკლდება, რაჰმანის მდგომარეობა გასარკვევია #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ „ნაპოლის“ არა მხოლოდ იმედგაცრუება, არამედ ტრავმების სერიაც მოუტანა, რამაც შეიძლება გუნდს უახლოეს მომავალში ჩასატარებელ შეხვედრებში დიდი პრობლემები შეუქმნას – ტრავმირებულთა მდგომარეობაზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„მილანთან“ შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი – მატეო პოლიტანო, მარიო რუი და ამირ რაჰმანი დაშავდნენ, მათ მოედნის დატოვება მოუხდათ, ამას ემატება ჯოვანი სიმეონეს ტრავმაც. კვირას „იუვენტუსთან“ ლუჩანო სპალეტის გუნდს ტრავმების გამო პოლიტანო, რუი და სიმეონე ვერ დაეხმარებიან, რაჰმანის საკითხი კი მატჩამდე გაირკვევა.

„მილანთან“ მატჩის მეორე დღეს გუნდმა დაისვენა, ხუთშაბათიდან კი „იუვენტუსთან“ მატჩისთვის მზადებას შეუდგება. მარიო რუის გამოკვლევა ჩაუტარდა, პორტუგალიელს კუნთი აქვს დაჭიმული და დაახლოებით ერთი თვე დაისვენებს. პოლიტანოს მარცხენა ტერფის ტრავმა დაუდგინდა, მაგრამ დაახლოებით 15 დღეში ვარჯიშს განაახლებს. რაჰმანის რაც შეეხება, მას ყველაზე მეტად გაუმართლა – კოსოვოელს ტერფი აწუხებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ტურინელების წინააღმდეგ ითამაშოს.