„სპაერი“ და ფოთის „კოლხეთი“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდნენ - ორ მატჩში ექვსი პენალტი დაინიშნა #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მეოთხედფინალის ორი შეხვედრა გაიმართა.
„სპაერმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში არბიტრმა ოთხი პენალტი დანიშნა. მასპინძლები პირველივე ტაიმში გიორგი გრიგალაშვილის, ნიკა ჩაგუნავასა და გიორგი ცეცხლაძის დუბლით (ორივე პენალტით) დაწინაურდნენ.
შესვენების შემდეგ „თელავმა“ სამი ბურთი გაიტანა – ანტონ თოლორდავამ პენალტი გამოიყენა, ხოლო დეიან გეორგიევიჩმა დუბლი მიითვალა. თელაველების სერბ თავდამსხმელს ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 61-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
საგარეჯოში „გარეჯი“ ფოთის „კოლხეთთან“ 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში ორი პენალტი დაინიშნა. შეხვედრის გმირი კი „კოლხეთის“ თავდამსხმელი გიგი აბუაშვილი გახდა, რომელმაც ანგარიში 98-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა, ხოლო 105-ე წუთზე „კოლხეთის“ უპირატესობა გაზარდა. მასპინძლებმა მხოლოდ სხვაობა შეამცირეს – 105+3-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა.
1/4-ფინალის დარჩენილი შეხვედრები 19 და 22 სექტემბერს გაიმართება:
19 სექტემბერი, ხუთშაბათი
20:00 | „დინამო თბილისი“ – „დინამო“ (ბათუმი)
22 ოქტომბერი, სამშაბათი
15:00 | „დინამო 2“ (თბილისი) – „გაგრა“