„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი - იმედი მაქვს, ფინალშიც ასეთი თავდადებით ვითამაშებთ
„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი - იმედი მაქვს, ფინალშიც ასეთი თავდადებით ვითამაშებთ

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში ლიგა2-ის „გაგრამ“ „საბურთალო“ დაამარცხა (ძირითადი დრო – 0:0, პენალტების სერია – 4:2) და თავის ისტორიაში თასისთვის მესამედ იბრძოლებს.

„ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს. ძლიერ მეტოქეს 96 წუთი კაცნაკლულებმა გაუძლეს. ისინი ყველა წვრილმანისთვის მომზადებულები იყვნენ, ყველა დავალებას თავი გაართვეს. მადლობა ჩვენს მთავარ მწვრთნელ გაგა კირკიტაძეს, რომელმაც თამაში კარგად დაგეგმა და გუნდმა მისი ჩანაფიქრი იდეალურად შეასრულა. არაერთი ბარიერი დავძლიეთ და თასის ფინალში დამსახურებულად გავედით. მჯერა, რომ ჩვენ ნანატრ გამარჯვებებს ვიზეიმებთ და ისტორიას კიდევ ბევრჯერ დავწერთ. „გაგრა“ მუდამ წინსვლის და განვითარების სიმბოლო იქნება“, – ამბობს „გაგრას“ დირექტორი გოდერძი ჩიხრაძე.

გაგა კირკიტაძე, „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ სხვა თამაში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ 34-ე წუთზე კაცი გაგვიგდეს და ამან შეხვედრის სურათი მთლიანად შეცვალა. 10 კაცით თამაშს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. შედეგით და თამაშით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ბიჭებს ამ თავადადებული ბრძოლისთვის და დიდი იმედი მაქვს, ფინალშიც ასე ვითამაშებთ. მიმაჩნია, რომ კარგი ფინალი გველის“.

„გაგრამ“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში პირველად 2011 წელს მოახერხა გასვლა, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და დამატებულ დროში 1:0 სძლია. გუნდმა ფინალში გასვლა 2018 წელსაც შეძლო და ისევ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად ვერ დაამარცხა – გამარჯვებული ძირითად და დამატებულ დროში (2:2) ვერ გამოვლინდა, პენალტების სერია კი ქუთაისელებმა უკეთ შეასრულეს (4:2).

შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტიც ლიგა 2-ის გუნდია – წყალტუბოს „სამგურალი“, რომელმაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურა“ დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0.