სოზარ სუბარი - ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს იქნება სირცხვილი და საერთოდ უარს ვიტყოდი პოლიტიკაში ყოფნაზე
სოზარ სუბარი - ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს იქნება სირცხვილი და საერთოდ უარს ვიტყოდი პოლიტიკაში ყოფნაზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 100 პროცენტით ვეთანხმები იმაში, რაც თქვა – არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თუნდაც ერთ რამეში დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნებისა“ და ქართული სახელმწიფოს სირცხვილი, რადგან ის სამარცხვინო პოლიტიკა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიოდ გამოხატული პოზიცია აქვს.

„ადამიანის უფლების დარღვევა, ადამიანების წამება ციხეებსა და პოლიციაში, ასევე სასამართლოს არარსებობა, საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა და ადამიანების უფლების უკიდურესი იგნორირება, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და თუნდაც, მათ ერთ რამეში რომ დავემსგავსოთ, ეს იქნება სირცხვილი და საერთოდ, მართლა უარს ვიტყოდი პოლიტიკაში ყოფნაზე. მადლობა ღმერთს, არ არსებობს პუნქტი, რომელშიც შეიძლება, რაიმე მსგავსება დაისვას. მათ შორის, მათი ფსევდოდასავლურობა და სინამდვილეში, რუსეთის ინტერესების სამსახური, რაც თუნდაც, სტრასბურგის 2008 წლის რეზოლუციაში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა. ჩვენი მკაფიო, გამოხატული პოზიციაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, განსხვავება ჩვენ შორის სწორედ ეს არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, რაც კატეგორიულად მიუღებელია“.

სოზარ სუბარის თქმით, კადრების გავრცელების მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ პატიმრის მიმართ უფლებები არ ირღვეოდა.

„რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, სამარცხვინო იყო ის კადრები, სადაც ჩანს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი როგორ აგინებს სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს, როგორ ესხმის მათ თავს ფიზიკურად, ასევე ექიმებს და ციხის თანამშრომლებს. ეს არის სირცხვილი, როცა პრეზიდენტი ასე იქცევა. ალბათ, ამის გამოქვეყნება ლამაზი არ იყო დასანახად, მაგრამ აუცილებელი იყო, რათა ქართული და საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდნენ, რომ ტყუილი იყო მტკიცება, რომ 10 ოქტომბრიდან მოყოლებული, ბოლო საათებს ითვლიდა სააკაშვილი, ვერ დგებოდა და ვერ ლაპარაკობდა, უმძიმეს ვითარებაში იყო.

ასევე თითქოს მის მიმართ უფლებები დაირღვა, თმებით ათრიეს, სცემდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც სრულიად საპირისპირო რაიმე დაინახეს, შესაბამისად, აუცილებლობა იყო, რომ ეს კადრები გამოქვეყნებულიყო. პრეზიდენტს ვეთანხმები იმაში, რომ სამარცხვინო იყო სააკაშვილის კადრები, როგორც თავად იქცეოდა, მაგრამ იმ ნაწილში, მის მიმართ რა ქცევასაც ჰქონდა ადგილი, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა. როცა ვსაუბრობთ სააკაშვილზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, როგორც პატიმარზე, მის მიმართ გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო და ეს ყურადღება გამოიხატება იმაში, რომ როცა სხვა პატიმრები შიმშილობენ, კონსილიუმები არ იქმნება, სამოქალაქო ექიმები არ მორიგეობენ და ამ შიმშილობას ციხის ადმინისტრაცია და სავაადმყოფო მართავენ, სააკაშვილის შემთხვევაში კი, განსხვავებული ნორმაა და ეს არის სწორი, რადგან სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.