სომხური მედიის ინფორმაციით, გეგარქუნიქის რაიონში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის ინციდენტი მოხდა
სომხური მედიის ინფორმაციით, გეგარქუნიქის რაიონში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის ინციდენტი მოხდა

გეგარქუნიქის რაიონში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გეგარქუნიქის რაიონში აზერბაიჯანული მხარის მიერ დაახლოებით ათი გასროლა განხორციელდა, სავარაუდოდ, ჰაერში, რის შედეგადაც სომხურმა ქვედანაყოფმა საპასუხო, გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

როგორც სომხური მედია წერს, ინციდენტისას აზერბაიჯანული შენაერთის მეთაურმა სომხეთის ქვედანაყოფის მეთაურს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა. მათივე ცნობით, მეთაურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გასროლა შემთხვევით მოხდა.

სომხური მხარის განცხადებით, მსგავსი ინციდენტის გამეორება განხილულ იქნება კონფრონტაციის მცდელობად და სომხური მხარის შესაბამის ქმედებებს გამოიწვევს.