ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი, რამდენიმე დღეა, ახდენს ჯარების მობილიზებას ყარაბაღში ურთიერთშეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი, რამდენიმე დღეა, ახდენს ჯარების მობილიზებას ყარაბაღში ურთიერთშეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი, უკვე რამდენიმე დღეა, ახდენს ჯარების მობილიზებას ყარაბაღში ურთიერთშეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ. ეს განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო კვირაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვად დაიძაბა. მან მედიას შეახსენა, რომ პირველ სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ასევე, ფაშინიანის თქმით, გრძელდება ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ქმედებებით აზერბაიჯანი აჩვენებს, რომ განზრახული აქვს ახალი სამხედრო პროვოკაციის მოწყობა ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა გაერო-ს, მიიღოს სერიოზული ზომები, რათა რეგიონში ახალი აფეთქების პრევენცია მოხდეს. ამასთან, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რომ ერევანი „მშვიდობიანი დღის წესრიგის ერთგულია“.

„სომხეთის რესპუბლიკა მზადაა და სურს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და ჩვენ ერთგულებას გამოვხატვათ მშვიდობიანი დღის წესრიგისადმი“, – განაცხადა ფაშინიანმა.