სომხეთში დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობამ 59-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო News.am-ი სომხეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ.
News.am-ის ცნობით, გუშინ ერევანში, ბაგრამიანის პროსპექტზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის დეპუტატმა, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა მავთულხლართების გარღვევა სცადა, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. სააგენტოს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა 46 ადამიანი, მათ შორის, თავად ფაშინიანი. საპროტესტო აქციების მონაწილეების უკვე მეორე დღეა, ერევანში ცენტრალური ქუჩები აქვთ გადაკეტილი.
ცოტა ხნის წინ, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა და მხარდამჭერებს ერევანსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.
სერჟ სარგსიანის კანდიდატურას პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.