სომხეთში პარლამენტის შენობის სახურავი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძარი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მალევე ეროვნული ასამბლეის შენობის სახურავზეც გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა საცხოვრებელ სახლში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, 70 წლის მამაკაცი, იკა რონკაინე. ის მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა შენობიდან 58 წლის იზაბელ რონკაინეც გამოიყვანეს. მას შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.
ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 15-მდე სახანძრო ეკიპაჟი ცეცხლს ორი საათის განმავლობაში აქრობდა.