სომხეთის ოპოზიციის ლიდერი - სომხეთის მოსახლეობას სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად ხილვა არ სურს
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი - სომხეთის მოსახლეობას სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად ხილვა არ სურს

დარწმუნებულები ვართ, რომ სომხეთის მოსახლეობას სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად ხილვა არ სურს, – ასე გამოეხმაურა ერევანში აქციების ორგანიზატორი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის მიერ ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევას.

ფაშინიანის თქმით, ხალხი თავის ნებას მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციებით გამოხატავს.

ოპოზიციის ლიდერი მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ მიტინგის ჩასაშლელად  პროვოკაცია იგეგმება.

ფაშინიანის მხარდამჭერებს ამ დრომდე ბლოკირებული აქვთ სახელმწიფო უწყებების შენობები.

სერჟ სარგსიანის პრემიერობის მოწინააღმდეგეებს უკვე მეორე დღეა, ერევნის ცენტრში ქუჩები აქვთ ბლოკირებული.

საპროტესტო გამოსვლების დროს, 80-მდე ადამიანია დაკავებული.

სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცოტა ხნის წინ აირჩია. მის კანდიდატურას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 18 კი წინააღმდეგი წავიდა.