სომხეთის ოპოზიციის ლიდერი - ჩვენ სომხეთში აზიურ ტოტალიტარულ სახელმწიფოებრიობას ვაპროტესტებთ
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი - ჩვენ სომხეთში აზიურ ტოტალიტარულ სახელმწიფოებრიობას ვაპროტესტებთ

სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციებს მართავენ. როგორც ფაშინიანმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, იმედი აქვთ, რომ პროტესტის შედეგად სახალხო რევოლუცია დაიწყება.

„ჩვენ აზიურ ტოტალიტარულ სახელმწიფოებრიობას ვაპროტესტებთ. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პროტესტის შედეგად დაიწყება სახალხო რევოლუცია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების პროცესის პარალელურად, ერევნის ცენტრში აქცია გრძელდება.  ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მომიტინგეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას აგრძელებენ, რათა პარლამენტმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევა ვერ მოახერხოს.

13 აპრილს ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა დილით არის დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის პროცესს ასრულებს. გასულ ორშაბათს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელმაც კანონის თანახმად, მთავრობა დაითხოვა.