სოფო კილაძე - შემაშფოთებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ ქალებსა და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს
სოფო კილაძე - შემაშფოთებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ ქალებსა და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს

ქალი პოლიციელები ისეთივე თავდადებით შრომობენ ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, როგორც კაცი პოლიციელები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ გურჯაანში, სასამართლოს წინ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ. თუმცა, ამ სიცრუეზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა“ ქალებსა და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს. ქალი, დედა, ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და მას არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ პოლიტიკოსების მიერ ბავშვისა და ქალის დაკნინების მცდელობა მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ უღირსი, დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს, ბავშვი და ქალი დააკნინოს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ წინა რიგებში ქალბატონები ჩაამწკრივა, შემდეგ პროცესზე კი, შესაძლოა, პატარა ბავშვებს ჩააცვან პოლიციის ფორმები.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.