სოფო კილაძე - სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან დაკავშირებით
სოფო კილაძე - სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან დაკავშირებით

სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კილაძის თქმით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

კილაძე გამოძიებისა და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

„ქალბატონ ლონდასთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეეძლო, მოეწოდებინა. გამოიკვეთა, რომ საგამოძიებო ღინისძიებები კიდევ გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში. არასრულწლოვნებისა და საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, ახლა უფრო მეტი დეტალი მოგაწოდოთ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, ვთქვათ ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.

ამასთან, სოფო კილაძემ ყველას მოუწოდა, საქმეს, რომელშიც არასრულწლოვნები ფიგურირებენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ.

„ვინაიდან აღნიშნულ საქმესთან  სხვადასხვა არასრულწლოვანია დაკავშირებული, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ამასთან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ, იქიდან გამომდინარე შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება სკოლაში განვითარებულ მოვლენებს, და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით. სკოლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე,  ხომ არ ხდება ისრების გადატანა სკოლაზე, კილაძემ ასე უპასუხა: „პირველ რიგში გითხარით სამართალდამცველები და არა სკოლა, მაგრამ თქვენ თუ გინდათ მითხრათ, რომ სკოლას და სოციუმს, რომელშიც ბავშვი იმყოფება, არავითარი მნიშვნელობა აქვს, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ძალიან გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი სიტყვების ინტერპრეტირებას, თითქოს მთელი ამ საქმის სიმძიმის გადატანა სკოლაზე გვინდა“.

რაც შეეხება დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს და შესაძლო დაგვიანებულ მოქმედებას, კილაძის თქმით, კონკრეტული პირის დასაკავებლად გარკვეული მტკიცებულებებია საჭირო.

„ჩვენც გვქონდა კითხვა, რატომ მოხდა მისი მიგვიანებით დაკავება. შესაბამისი პასუხი მივიღეთ და მიგვაჩნია, რომ  გარკვეული მტკიცებულებები იყოს საჭირო, რომ კონკრეტული პირის დაკავება მომხდარიყო”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

ამასთან, კილაძის განცხადებით, სისტემური ცვლილებებია საჭირო, რისთვისაც ბავშვთა უფლებათა კოდექსი შემუშავდა, რომელიც 2020 წლის პირველ ივნისს შევა ძალაში.

„ჩვენ დავიწყეთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე მუშაობა, რადგან შევხედეთ, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა სისტემური მიდგომა ბავშვებთან დაკავშირებით. როცა ბავშვს შეექმნება პრობლემა, მის გარშემო უნდა ტრიალებდნენ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, მთელი სიციუმი. რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური თემა. ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა და რომ დავინახეთ, არ იყო ასეთი მიდგომა, ამიტომ დავიწყეთ სამი წლის წინ მუშაობა ბავშვის კოდექსზე, რომელიც 2020 წლის პირველ ივნისს შევა ძალაში. ის უზრუნველყოფს იმას, რომ როცა ბავშვთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, აუცილებელია მეყსეულად ყველა სტრუქტურის რეაგირება. ამ ბავშვთან დაკავშირებით პრობლემა ვერ დაინახაეს ვერც სამართალდამცველებმა, ვერც სკოლამ, ვერც სხვამ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ დაენახა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ძალიან სამწუხაროა, უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.