მაშინ როდესაც სპორტული სამყაროს ყურადღება საფეხბურთო ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი, იტალიის ქალაქ ასისში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს.
65 წელს ზემოთ ქალთა შორის ჩემპიონი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიგო.
ზურაბ სტურუამ ჩემპიონობა 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა შორის იზეიმა და ეს ჯილდო ამ რანგის ტურნირზე მან უკვე მეორედ მოიპოვა.
სოფიო ტერელაძე კი 50 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეთა შორის მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
იგი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და უძლიერეს მეტოქეებთან უწევდა ასპარეზობა, მაგრამ მან პირველობა საბოლოოდ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დათმო.
სოფიო ტერელაძე ამჟამად ყაზახეთში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული საჭადრაკო კლუბის მწვრთნელია. ყაზახეთში გამგზავრებამდე სოფიო ტერელაძე სპორტული თოქ-შოუს, „ესტაფეტას“ სტუმარი იყო.
„მსოფლიო პირველობაზე წასვლამდე მიზანი იყო ჩემპიონობა, რადგან მე აქ ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც შეჯიბრების საბოლოო შემადგენლობა დასახელდა, მივხვდი, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნებოდა. ტურნირი იყო ღია და ამდენად, მამაკაცთა წინააღმდეგაც გვიწევდა თამაში. მართალია, ვითვლებით ვეტერანებად, მაგრამ ეს ის ასაკი ნამდვილად არ არის, რომ რაღაც ბრძოლის გარეშე მოიპოვო და თან ამ შემადგენლობას ქეთევან არახამია-გრანტი შემოემატა.
სტარტი ძალიან ცუდი მქონდა, რადგან დროში ძალიან დიდი იყო სხვაობა და ადაპტაცია გამიჭირდა, პირველი ოთხი პარტია წავაგე. მეხუთე ტურდან კი მომიწია 5 დიდოსტატი და 2 საერთაშორისო ოსტატი მამაკაცის წინააღმდეგ თამაში და მხოლოდ ერთი მეტოქე იყო ქალბატონი, ისიც ფიდე-ს ოსტატი.
სამი ქართველი ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ძალიან ემოციური იყო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის დაჯილდოების ცერემონიის წუთები, როდესაც მისი სახელი გამოაცხადეს, ყველა ფეხზე იდგა, იყო ოვაციები და ტაში და ასე მიულოცეს ლეგენდას მორიგი ჩემპიონობა.
ნონა გაფრინდაშვილის შემართება, რომელმაც ოპერაციაც კი გადადო, რომ იტალიაში წამოსულიყო, არის ნებისმიერი ადამიანისთვის სამაგალითო.
რაც შეეხება ზურაბ სტურუას — ზურა არის ერთ-ერთი უდიდესი მოჭადრაკე, ამასთანავე ძალიან თავდამბალი ადამიანი. ძალიან მადლიერი ვარ მისი, რადგან ყოველი პარტიის წინ რჩევითა და ანალიზით ძალიან მეხმარებოდა.
„კოვიდის“ პერიოდში სამუშაოდ ალმათიში მომიწია წასვლა, სადაც ერთ-ერთ წარმატებულ საჭადრაკო სკოლაში ვმუშაობ და იქ იმდენი ადამიანი იყო ჩემ გვერდით, რომ მოტივაცია გაასმაგდა.
ევროპის ჩემპიონატამდე სკოლის დირექტორს გამოვუცხადე, რომ პირველობაზე მოსაგებად მივდიოდი. გამიღიმა და, – კი ბატონო გაგათავისუფლებო, მაგრამ მერე როგორც მითხრა, თურმე ჩემი განცხადება მოგების შესაძლებლობაზე სკეპტიკურად შეაფასა.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება საკუთარი ხარჯით გავრისკე, შვილებიც ძალიან დამეხმარნენ და შედეგიც სახეზეა. დიდოსტატის ოთხი ნორმა მაქვს შესრულებული, მაგრამ რეიტინგი არ მყოფნის. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით უკვე საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას მომანიჭებდნენ, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ტურნირის მონაწილე ვიყავი და ვერცხლის მედალი მოვიგე. არც კი ვიცი, ოდესმე თუ შევძლებ მამაკაცებთან პაექრობისას ასეთი შედეგის დაფიქსირებას.
+50 ეს არის ასაკი, როდესაც ადამიანს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა და ამის ნათელი მაგალითი არის ქალბატონი ნონა, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება იზეიმოს.
ვეტერანთა ჩემპიონატები ეს ყველაზე მეგობრული ტურნირებია, მხოლოდ აქ შეიძლება მეტოქე მოვიდეს და მასთან წაგების შემდეგ გითხრას, რომ საუკეთესო პარტია ითამაშე.
2023 წელს ევროპის პირველობაზე აღარ გამოვალ, ვითამაშებ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს და შევეცდები, მომზადებასთან ერთად, ფიზიკურ აქტივობას უფრო მეტი დრო დავუთმო.
დღეს თანამედროვე ჭადრაკში წარმატებას რომ მიაღწიო, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ დატვირთვას, რადგან სხვა შემთვევაში, უბრალოდ, ვერ გაძლებ.
იტალიის ქალაქ ასისში მიღწეული წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა. როდესაც ყველა პარტიის შემდეგ უამრავი გულშემატკივრის მხარდაჭერას ვგრძნობდი, მივხვდი, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრ ტურნირზე უნდა გამოვიდე და გამარჯვების მიღწევა შევძლო“.