სოჭი 2014-ის სინჯებს მეორედ შეამოწმებენ
სოჭი 2014-ის სინჯებს მეორედ შეამოწმებენ

ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) პრესსამსახურმა გამოაცხადა იმ დოპინგ-სინჯების განმეორებითი შემოწმების შესახებ, რომლებიც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს აიღეს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ITA-მ დაასრულა ლონდონი 2012-ის სინჯების გადამოწმება და ახლა, სოჭი 2014-ის სინჯების განმეორებით ანალიზს იწყებს.

შემოწმებაში მოხვდება ყველა სახეობისა და ყველა ქვეყნის სპორტსმენი, ვინც მონაწილეობას იღებდა ზამთრის თამაშებში.

სინჯების ხელმეორე ანალიზი და მიღებული ინფორმაციის დამუშავება 2021 წლის შუაში უნდა დასრულდეს. ITA-ს ამ პროცესში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ლაბორატორია დაეხმარება, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარეობს.

იტყობინებიან, რომ პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადების სინჯების გადამოწმების შემდეგ, ITA-მ ანტისადოპინგო წესების 130-ზე მეტი ახალი დარღვევა აღმოაჩინა.