დიმიტრი მედვედევი რუსეთისთვის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვას „ანტირუსული ისტერიის გაგრძელებად“ აფასებს
დიმიტრი მედვედევი რუსეთისთვის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვას „ანტირუსული ისტერიის გაგრძელებად“ აფასებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას „ანტირუსული ისტერიის გაგრძელებად“ აფასებს. რომელმაც, მისი თქმით, ქრონიკული ფორმა შეიძინა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, პროცესმა ქრონიკული ფორმა შეიძინა.

„ის, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება მეორდება და ხშირად სპორტსმენების მიმართ, რომლებიც ასე თუ ისე უკვე იყვნენ დასჯილები, სხვა მომენტებზე რომ არ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს არის იმ ანტირუსული ისტერიის გაგრძელება, რომელმაც უკვე ქრონიკული ფორმა შეიძინა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაბამისმა ორგანიზაციებმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივრონ.

„ვფიქრობ, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამაზე, ვგულისხმობ რუსულ ორგანიზაციებს, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ეს საკითხები, უნდა იფიქრონ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გასაჩივრდეს“, – აღნიშნა მედვედევმა.

ამავე დროს, მან აღიარა, რომ რუსულ სპორტში არის დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ინტერვიუში მე ვთქვი, რომ მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ჩვენს სპორტულსაზოგადოებაში ჯერჯერობით არსებობს დოპინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები, ამის უარყოფა შეუძლებელია“, -განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლის ვადით აუკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება.