მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლით აუკრძალა
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლით აუკრძალა

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლის ვადით აუკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება.

რუს სპორტსმენებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ გახმაურებულ დოპინგ-სკანდალში არ მონაწილეობდნენ, შეეძლებათ ასპარეზობა, თუმცა „ნეიტრალური“ დროშით.

ამასთან, აკრძალვა არ შეეხება ევრო 2020-ს, რადგან უეფა არ მიიჩნევა ანტისადოპინგო წესების კონტექსტში მსხვილი ტურნირების ორგანიზატორად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს.

ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ ჩატარდება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები.

სანქციები დოპინგ-სკანდალში გახვეულ სპორტსმენებთან ერთად, ბევრ რუს ჩინოვნიკსაც შეეხება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს 298 რუს სპორტსმენზე ჰქონდა ეჭვი, აგრეთვე აცხადებდნენ, რომ რუსული მხარე მონაცემებს აყალბებდა და სააგენტოსთან არ თანამშრომლობდა.