სლოვაკი სპეციალისტი იანა კულანი ფრენბურთის მწვრთნელებისთვის სემინარს ატარებს #1TVSPORT
საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ სახეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა – მსოფლიო ფედერაციის მონაწილეობით თბილისში დაიწყო საერთაშორისო სამწვრთნელო სემინარი, რომელსაც გამოცდილი სლოვაკი ინსტრუქტორი იანა კულანი უძღვება.
სემინარში მონაწილეობენ მოქმედი და ვეტერანი ფრენბურთელები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებენ. თბილისში ოთხი ქვეყნის 36 მოქმედი სპორტსმენი შეიკრიბა – საქართველოს გარდა, მწვრთნელობის მსურველები არიან თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.
ეს კურსი ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაეცნონ თანამედროვე სპორტულ მეთოდოლოგიებს და მიიღონ საერთაშორისო ლიცენზია.
სამწვრთნელო კურსი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.