ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ. პარიზულ კლუბს 12 რეკორდი დაუფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველ ვარსკვლავს ეკუთვნის.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების (გოლი + საგოლე გადაცემა) ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა.
შთამბეჭდავია პარიზული კლუბის სხვა რეკორდებიც. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გუნდმა ტურნირის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 2025 წელს „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. პარიზელები ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტულის (14) მფლობელებიც არიან. ამასთან, მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 96 ქულა დააგროვეს.
ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი ვიტინიას ეკუთვნის – 1602. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი მარკინიოსს აქვს მოპოვებული – 11.
გარდა ამისა, გინესის რეკორდების წიგნში პარიზული კლუბის შემდეგი მიღწევებიც მოხვდა:
ლიგა 1-ში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 36 მატჩი
ლიგა 1-ში გასვლით შეხვედრებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 39 მატჩი
ლიგა 1-ის ერთ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია – 14 მატჩი
ლიგა 1-ში ერთი ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – ფაბიან რუისი, 51 მატჩი