სლოვაკეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს
სლოვაკეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, 27 მარტს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებულმა ვითარებამ შესაძლოა, დიპლომატიური უწყების შემდგომ ნაბიჯებზე გავლენა იქონიოს.

„სლოვაკეთმა ერთმნიშვნელოვნად შეაფასა სოლსბერიში საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით თავდასხმა, შეუერთდა ევროკავშირის საბჭოს 22 მარტის გადაწყვეტილებას და ამ ინციდენტთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯების გადადგმის უფლება დაიტოვა“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სუსკომ.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, 4 მარტს უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ სკრიპალის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და რუსეთის ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტი გაწყვიტა.

ამასთან, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ კი, ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს.