სხირტლაძე „დინამოში“ დაბრუნდა - 28 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლოს გუნდთან მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავს #1TVSPORT
დავით სხირტლაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა – 28 წლის გამოცდილი თავდამსხმელის ტრანსფერზე ინფორმაცია თბილისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
„დავით სხირტლაძე „დინამოში“ დაბრუნდა. 28 წლის ფორვარდმა კლუბთან შეთანხმება სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ“, – წერია „დინამოს“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
დედაქალაქურ კლუბში შარშან გატარებული სეზონის შემდეგ, სხირტლაძე დანიურ „ვიბორგში“ გამოდიოდა. ფორვარდს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ „ორჰუსში“ აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ „სილკებორგში“, სლოვაკურ ტრნავას „სპარტაკში“, ლატვიურ „რიგასა“ და პოლონურ „არკაში“.
სხირტლაძეს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში ერთი ხანობა სისტემატურად იწვევდა ვლადიმირ ვაისი, თუმცა, ბოლო 2 წელია „ჯვაროსნების“ შეკრებაზე არ მიუწვევიათ.
გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე „დინამო თბილისმა” 2020 წლის 7 ოქტომბერს დაიმატა, მაგრამ გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.