სკანდალი პოგბას ოჯახში - პოლ პოგბას უფროსი ძმა 13 მილიონს სძალავს, რომელიც კილიანისთვის ჯადოს გაკეთებას შამანების დახმარებით ცდილობდა #1TVSPORT
სკანდალი პოგბას ოჯახში - პოლ პოგბას უფროსი ძმა 13 მილიონს სძალავს, რომელიც კილიანისთვის ჯადოს გაკეთებას შამანების დახმარებით ცდილობდა #1TVSPORT

პოლ პოგბამ ტურინში თავისი ხელმეორე კარიერა მხოლოდ ტრავმით არ დაიწყო, რომლის გამოც, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს. ამას დაემატა სკანდალური ოჯახური კონფლიქტი. ამ ისტორიაში მთავარი ფიგურა არა თავად „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, არამედ მისი უფროსი ძმა მატიას პოგბაა, რომელიც საფრანგეთის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. მან სხვადასხვა სოციალურ ქსელში რამდენიმე პუბლიკაცია გააკეთა, სადაც მამხილებელი ინფორმაციის გამჟღავნება დააანონსა – პოლ პოგბას, მისი აგენტისა და კილიან მბაპეს შესახებ. ასე რომ, ბოლო დღეებში იტალიასა და საფრანგეთში ყველა ამას ელოდება – რა მოამზადა უფროსმა პოგბამ?

რა მოხდა?

თითქოს მათ ურთიერთობებში არანაირი ბოროტება არ არსებობდა. მატიასი, როგორც უფროსი ძმა, ყველაფერში ეხმარებოდა პოლს, მაგალითად, საჯაროდ უჭერდა მხარს ძმის წასვლას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და ამტკიცებდა, რომ ის ინგლისურ კლუბში არ არის ბედნიერი. ტრიბუნაზე იჯდა საფრანგეთის ნაკრების თითქმოს ყველა მატჩზე. გარდა ამისა, მათ ერთობლივი საქველმოქმედო ფონდი ჰქონდათ – ბოლო ღონისძიება მარტში მანჩესტერში გამართეს. ძმები იქ ერთად იყვნენ და ვერავინ შეამჩნია ერთმანეთის მიმართ უსიამოვნება.

თუმცა, გამოცემა France Info-ის მონაცემებით, კონფლიქტი სწორედ იმ საქველმოქმედო საღამოს შემდეგ დაიწყო. და ამ კონფლიქტის დეტალები გასაოცარია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლი არა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, არამედ პარიზის ძალიან ღარიბ რაიონში მცხოვრები ბიჭია, რომელიც, სავარაუდოდ, რაღაც უკანონობას სჩადის.

 

როგორ დაიწყო კონფლიქტი ძმასთან?

მუქარების ისტორია სწორედ მარტში დაიწყო. France TV Info-ს ინფორმაციით, პოლ პოგბა რამდენიმე ავტომატიანმა მამაკაცმა (მათ შორის ფეხბურთელის მეგობრებიც იყვნენ) ბინაში შეიტყუა. პოლი იმ დროს მცირეხნიანი შვებულებით პარიზში იმყოფებოდა. ფეხბურთელის სიტყვებით, ბანდამ მას 13 მილიონი მოსთხოვა – ეს უნდა ყოფილიყო ანაზღაურება იმ საიდუმლო დაცვისთვის, რომელსაც პოგბას უწევდნენ ბოლო 13 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, პოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ის ასე აცხადებს. თავად შეიარაღებული ადამიანების ვერსიით, ადრე პოგბა ფინანსურად ეხმარებოდა ბავშვობის მეგობრებს და მათთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა მას შემდეგ, რაც პროფესიულ დონეზე დაიწყო გამოსვლა,

როგორ გაჩნდა ამ ისტორიაში მატიას პოგბა? ეს უკვე ტურინში მოხდა. მუქარები უმცროსი პოგბას მისამართით გრძელდებოდა. კერძოდ, მან იგივე ჯგუფი „იუვენტუსის“ ბაზასთან შენიშნა. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ ამ ისტორიაში მისი ძმაც არის გარეული. პოლმა მაშინ პირველად მიმართა კლუბს და დაიწყო მომხდარის გამოძიება.

ხოლო, მას შემდეგ, რაც მატიასი დაიმუქრა სენსაციური მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით, უკვე პოლიციას ფეხბურთელის დედამ და აგენტმა მიმართეს. ასე რომ, ახლა გამოძიება იტალიაშიც მიმდინარეობს და ინგლისშიც.

 

უფროსი პოგბას რეაქცია და რა შუაშია მბაპე?

მატიასმა, როგორც ჩანს, მხოლოდ სოციალურ ქსელებში პასუხების ტაქტიკა აირჩია. როცა გავრცელდა მისი ძმის მისამართით ბანდის მოქმედების დეტალები, ის განცხადებით გამოვიდა პოლისა და მედიაზე მისი გავლენის შესახებ.

„ჩემი უმცროსი ძმა, როგორც იქნა, თავისი ნამდვილი სახის გამომჟღავნებას იწყებს. სწორედ მან დაიწყო პოლიციისთვის ტყუილის თქმა. თქვენ არ შეგიძლიათ ყველაფერში ჩემი დადანაშაულება. პაველ (სავარაუდოდ, მიმართავს „იუვენტუსის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს პაველ ნედვედს), თქვენ მართლაც გინდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი, ან ტყუილი მეთქვა და ციხეში წავსულიყავი. მე ამას ვეჭვობდი. ფაქტების ჩემეულ ვერსიას ჰქონდა ადგილი და თქვენგან განსხვავებით, საკმარისი მტკიცებულება მაქვს, რათა ჩემი სიტყვები დავამტკიცო და თქვენი ტყუილი გამოვააშკარავო.

კიდევ ერთხელ გეტყვი: ძმაო, ადამიანებით მანიპულირება ცუდი საქციელია! საქმე ფულში არ არის: შენ ჩამითრიე, კინაღამ მოვკვდი შენს გამო, ორმოში დამტოვე და ახლა გინდა თავი ყველას უდანაშაულოდ მოაჩვენო. როცა ყველაფერი ითქმება, ხალხი დაინახავს, რომ არ არსებობს დედამიწაზე უფრო დიდი მხდალი, უფრო დიდი მოღალატე და უფრო დიდი პირფერი, ვიდრე შენ ხარ“, – ასეთი იყო უფროსი პოგბას ერთ-ერთი პუბლიკაცია.

„იმედია, შეცდომაში არ შეგიყვანთ მედიითა და ხელისუფლებით მანიპულაციის მცდელობა. როცა ცნობილი ადამიანი ხარ, მთელი სამყარო შენთანაა, ხელისუფლება უფრო ყურადღებით გისმენს, მაგრამ ეს არ გაყენებს კანონზე მაღლა, პოლიცია – შენი ქვეშევრდომი არ არის“, – მეორე განცხადება.

თუმცა, მთავარი, რაც საზოგადოებამ ვერ გაიგო არის ის, თუ რა როლი აქვს ამ ისტორიაში კილიან მბაპეს. და რა ინფორმაციის გამომზეურება სურს პოგბას ძმას? France Info-ს მონაცემებით, თურმე პოლი შამანების დახმარებით მბაპეს დაწყევლას ცდილობდა.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, უმცროსმა პოგბამ, შესაძლოა, დაკარგოს ადგილი საფრანგეთის ნაკრებში, რათა არ გაფუჭდეს ატმოსფერო ეროვნულ გუნდში მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. მბაპე და მისი გარემოცვა თვალს ადევნებს ამ საქმეს და თუ მატიასის ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდება, ამან შეიძლება საფრანგეთის ნაკრების ორ ლიდერს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.