„სირცხვილიას“ წევრებმა იაშვილის კლინიკასთან მიხაკები მიიტანეს და სანთლები დაანთეს
„სირცხვილიას“ წევრებმა იაშვილის კლინიკასთან მიხაკები მიიტანეს და სანთლები დაანთეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები იაშვილის კლინიკასთან შეიკრიბნენ, სადაც დღეს თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

მათ საავადმყოფოსთან სანთლები და ყვავილები დაალაგეს და  გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

„სირცხვილას“ წევრები 15 წლის მოზარდი გარდაცვალებაში პოლიციას სდებენ ბრალს აცხადებენ, რომ მომხდარს მათი მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.