ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთში ჩავიდა. ამით სი ძინპინმა ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი ექვსდღიანი ტურნე დაიწყო.
ჩინეთის პრეზიდენტს აეროპორტში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
სი ძინპინის განცხადებით, ის გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრას, რათა განიხილოს ორმხრივი ურთიერთობები, ჩინეთის ურთიერთობები ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო და რეგიონული საკითხები. გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც შეხვდება.
მედიის ცნობით, საფრანგეთი შეეცდება, მიაღწიოს პროგრესს ჩინეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. ამასთან, საფრანგეთს სურს, აიძულოს ჩინეთი, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.
ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთში გაემგზავრება.
სი ძინპინი ბოლოს ევროპაში ხუთი წლის წინ, იტალიაში ვიზიტისას იმყოფებოდა.