შვედმა მოციგურავემ ბოლო ორ წრეზე ორი წამი გააბათილა და ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე ბრძოლაში ჩაებნენ ციგურებით რბენაში მამაკაცი მოციგურავეები – მათ ჩემპიონი გაარკვიეს 5000 მეტრ დისტანციაზე.
ოქროსთვის ბრძოლა ძალიან დრამატული აღმოჩნდა. პირველმა ჩემპიონობაზე პრეტენზია ნიდერლანდელმა პატრიკ როესტმა გამოაცხადა, რომელმაც ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა და ლიდერობა მოიპოვა. მისი დრო დიდი ხანი ხელშეუხებელი იყო, მაგრამ ბოლო გარბენისას სასწაული მოახდინა შვედმა მსოფლიოს რეკორდსმენმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნილს ვან დერ პოელმა. დისტანციის მსვლელობისას, სკანდინავიელი თითქოს განწირული იყო – ფინიშამდე ორი წრით ადრე ის ორ წამზე მეტს აგებდა როესტთან, მაგრამ დარჩენილ მეტრებზე მან არა თუ გააბათილა ეს ჩამორჩენა, არამედ 0.47 წამი მოუგო ნიდერლანდელს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ცნობისთვის, ოთხი წლის წინ, პიონჩანგის ოლიმპიადაზე ვან დერ პოელმა მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა.
წინა სამ ოლიმპიადაზე 5000 მეტრზე ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ნიდერლანდელი სვენ კრამერი მხოლოდ მეცხრე ადგილზე გავიდა.
ციგურებით რბენა
კაცები. 5000 მ
- ნილს ვან დერ პოელი (შვედეთი) – 6:08.84 (ო.რ.)
- პატრიკ როესტი (ნიდერლანდები) – +0.47
- ჰალგეირ ენგებრაატენი (ნორვეგია) – +1.04