რუსეთს ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოქროს ჩამორთმევა ემუქრება - ერთ-ერთი რუსი მოციგურავე ნარკოტიკის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
რუსეთს ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოქროს ჩამორთმევა ემუქრება - ერთ-ერთი რუსი მოციგურავე ნარკოტიკის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT

ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დამაჯერებლად მოიგო – მეორე ადგილზე გასულ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ცხრა ქულით გაუსწრო.

კამილა ვალიევას, მარკ კონდრატიუკს, ვიქტორია სინიცინას, ნიკიტა კაცალაპოვს, ანასტასია მიშინასა და ალექსანდრ გალიამოვს 8 თებერვალს უნდა მიეღოთ კუთვნილი ოქროს მედლები, მაგრამ დაჯილდოების ცერემონია გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

9 თებერვალს, დილით ადრე ავტორიტეტულმა გამოცემა Inside The Games-მა დაწერა, რომ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო ერთ-ერთი რუსი მოციგურავის დოპინგთან დაკავშირებული პრობლემის გამო. საეჭვო სინჯი ჯერ კიდევ ოლიმპიადამდეა აღებული. და ყველაზე საინტერესოა, რომ ეს შეიძლება იყოს არა რომელიღაც პრეპარატი, რომელიც შესულია მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) სიაში, არამედ უბრალოდ, ნარკოტიკი. Inside The Games-ის ტექსტში ნახსენებია drug test, რაც შეიძლება ნიშნავდეს ტესტს ნარკოტიკზე. მაგრამ ეს ნაკლები შვებაა რუსებისთვის – სპორტსმენებს ამის გამოც სჯიან.

ჯერჯერობით უცნობია, რომელმა წყარომ მისცა ეს ინფორმაცია Inside The Games-ს.

„გაჩნდა იურიდიული სირთულეები, მაგრამ ამ მომენტისთვის არ შეგვიძლია რაიმე კონკრეტულის თქმა. საკითხი მოულოდნელად გაჩნდა. იმედია, მოგვიანებით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსანმა მარკ ადამსმა.

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში კომენტარს არ აკეთებენ, რაც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. ბოლო ვარჯიშზე არ გავიდნენ ვალიევა, კონდრატიუკი, მიშინა და გალიამოვი.